saqarTvelos uReltexilebi - gudamayaris uReltexili
კოორდინატები | 42°30`22` ჩ. გ. 44°44`18` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები |
სიმაღლე | 2347 მ |
ქედი | ხევის კავკასიონი |
სინონიმი: ბურსაჭირის უღელტეხილი.
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭაუხისა და სადუციას მთებს შორის, მდინარეების გუდამაყრის არაგვისა და სნოსწყლის (თერგის შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2347 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. პლეისტოცენში უღელტეხილზე ხდებოდა ჭაუხის სამხრეთული მყინვარის გადაცოცება ჩრდილოეთისაკენ, თერგის აუზში. გუდამაყრის უღელტეხილზე გადადის ბილიკი სოფელ ბურსაჭირიდან სოფელ კარკუჩაში. უღელტეხილზე სუბალპური ლანდშაფტია.